English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
ჩვენი იუბილარი

პროფესორი ეთერ ხარაიშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფ. ხვანში. წარმატებით დაამთავრა ჭიათურის #2 საშუალო სკოლა.
1970-1975 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1975-1978 წლებში იყო ამავე ფაკულტეტის ასპირანტი. 1981 წელს დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და მიენიჭა დოცენტის წოდება, ხოლო 1999 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
1978-1983 წწ. იგი იყო თსუ სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი;
1983-2000 წლებში ამავე კათედრის დოცენტი, ხოლო 2000-2002 წლებში - პროფესორი;
2002-2006 წლებში იყო ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი, ხოლო 2006 წლიდან დღემდე არის მიკროეკონომიკის კათედრის პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, აკადემიურ თანამდებობასთან ერთად, მრავალი წელი ეწეოდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საქმიანობას, კერძოდ: 1996-1999 წლებში იყო ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1999-2006 წლებში ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაგისტრატურაში სწავლების დარგში; 2009-2010 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 2015-2021 წლებში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2021 წლიდან დღემდე არის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
პროფესორი ე. ხარაიშვილი არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და ვიცე პრეზიდენტი, ბუნების ისტორიის ევროპული აკადემიის ნამდვილი წევრი, სოფლის მეურნეობის ეკონომისტთა ევროპული ასოციაციის წევრი. ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
მას გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო.
ქალბატონ ეთერს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში, მათგან აღსანიშნავია გაეროს განვითარების პროგრამები - ,,ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო კომისიის მხარდაჭერა დეცენტრალიზაციის საკითხებში“, ,,საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება”; Tempus Tacis-ის პროექტები - ,,ინფორმაციისა და ლიბერალური უმაღლესი განათლების ცენტრი“, ,,სტუდენტთა მომსახურებისა და წარმოებასთან კავშირის ცენტრი“; ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტები - ,,სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგია“, ,,ინვესტიციები უკეთესი უნივერსიტეტისათვის - პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ანალიზის მეთოდები“, ,,ინოვაციური მიდგომები კვლევებისა და სწავლების მეთოდების განვითარებისათვის“; აშშ ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭოს პროგრამები - ,,ამერიკელ პროფესორ-მასწავლებლების სასწავლო ტური საქართველოში”, ,,სტუდენტთა და მოსწავლეთა ოლიმპიადები“; მეწარმეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი - ,,ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება საქართველოში”; ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობის პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) - ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში”.
თსუ სახელმძღვანელოების თარგმნის პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო გრანტით, მისი ხელმძღვანელობით გამოცემულია სამი სახელმძღვანელო (მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა; მენეჯერული ეკონომიკა, ეკონომიკა ბიზნესისათვის).
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორ ეთერ ხარაიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა სამეცნიერო მიზნობრივი პროექტები: ,,ფერმერული მეურნეობების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები - ევროკავშირის მოდელები და გამოწვევები საქართველოში“; ,,მცირე და საშუალო მეწარმეობის მდგრადი განვითარების მექანიზმი: გამოწვევები და შესაძლებლობები სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფისათვის“; ,,ციფრული ტრანსფორმაცია მცირე და საშუალო ფირმებში: გამოწვევები და პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის“:
იგი მონაწილეა საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში გამართულ მრავალი სამეცნიერო კონფერენციების, საზაფხულო სკოლებისა და ტრენინგ კურსების: - პირეუსის (საბერძნეთი) და ბერლინის (გერმანია) ტექნიკურ უნივერსიტეტებში, დუბლინის (ირლანდია), ტრინიტი კოლეჯისა და გრენობლის (საფრანგეთი), ბრუნელის (ლონდონი), შავი ზღვის (თურქეთი), ტრენტოს და პარმას (იტალია), ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური, ბენგურიონის (ისრაელი), ბარსელონას (ესპანეთი) და სხვა უნივერსიტეტებში.
პრფესორი ე.ხარაიშვილი არის ეკონომიკის საგანამანათლებლო პროგრამების მოდულისა (მენეჯერული ეკონომიკა, ბაკალავრიატი) და კონცენტრაციის (ბიზნესის ეკონომიკა, მაგისტრატურა) ხელმძღვანელი. კითხულობს მიკროეკონომიკისა და ბიზნესის ეკონომიკის სალექციო-სასწავლო კურსს. ასევე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი - შემფასებელი.
იგი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი და რეცენზენტია, ასევე არის ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, სადისერტაციო ნაშრომების დაცვის სხვადასხვა კომისიის წევრი, ოპონენტი და შემფასებელი, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომი. იგი სტუდენტებისთვის გულისხმიერი ლექტორია და მათი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებად აღზრდის საქმეს დაუღალავად და უანგაროდ ემსახურება. აღსანიშნავია, რომ მისი აღზრდილები წარმატებულ მოღვაწეობას ეწევიან საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე წარმატებით საქმიანობენ ბიზნესსფეროში.
პროფესორი ეთერ ხარაიშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, უნივერსიტეტის ოქროს მედლით - თსუ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის მედლით - თსუ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით - ქართული ეკონომიკური აზრის განვითარებაში ეკონომიკური მეცნიერების პოპულარიზაციასა და სწავლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ასევე პაატა გუგუშვილის სახელობის ინსტიტუტის მედლით - ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობისათის.
ქალბატონი ეთერი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით, არის სიახლეებზე მუდმივად ორიენტირებული მეცნიერი და პედაგოგი, მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს კოლეგებსა და სტუდენტებს შორის.
ქალბატონ ეთერს ჰყავს მეუღლე ალექსანდრე ქათამიძე, სიძე თემურ მიმინოშვილი და ქალიშვილი ანი, რომლებიც დღეს აქტიურ და შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში, ასევე ჰყავს ტყუპი ვაჟი შვილიშვილები.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია და სარედაქციო კოლეგია ულოცავს პროფესორ ეთერ ხარაიშვილს სახელოვან იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ, ნაყოფიერ სიცოცხლეს და ახალ შემოქმედებით წარმატებებს.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია, სარედაქციო კოლეგია.